მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ 2026 წლის 28 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტის (International Bioethics Committee IBC) 33-ე სესიის, IBC და ბიოეთიკის მთავრობათაშორისი კომიტეტის (Intergovernmental Bioethics Committee IGBC) ერთობლივი სესიის და სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიების ეთიკის მსოფლიო კომისიის (World Commission on the Ethics of Scientific Knowledge and Technology COMEST) მე-14 სესიების მუშაობაში UNESCO-ს ოფისში პარიზში (საფრანგეთი). საერთაშორისო დიალოგი ეხებოდა ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა: დაბერების, ნეიროტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური საკითხები.
შეხვედრების ფარგლებში გამართული პლენარული სესიები დაეთმო თანამედროვე ბიოეთიკისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების შედეგად წარმოქმნილი ეთიკური გამოწვევების განხილვას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაბერებასთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებზე, მათ შორის ხანდაზმულთა ღირსების, ავტონომიის, უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვაზე, ასაკთან დაკავშირებული დისკრიმინაციის პრევენციასა და ჯანდაცვის სისტემების ეთიკურ პასუხისმგებლობაზე. განხილვის მნიშვნელოვანი მიმართულება იყო დაბერებისა და ხანგრძლივი სიცოცხლის საკითხების გააზრება ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის კონტექსტში.
პლენარული დისკუსიები ასევე შეეხო ნეიროტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მათ შორის ადამიანის ტვინისა და ფსიქიკური ცხოვრების შესახებ მონაცემთა დაცვას, პიროვნულ ავტონომიასა და ადამიანის ღირსების პატივისცემას. ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო და სამედიცინო სფეროებში მისი გამოყენების ეთიკურ ასპექტებზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და ახალი ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი გამოყენების აუცილებლობაზე.
აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობამ ხელი შეუწყო საერთაშორისო ბიოეთიკურ დიალოგში ჩართულობას, თანამედროვე ეთიკური საკითხების შესახებ გამოცდილებისა და მოსაზრებების გაცვლასა და გლობალური ბიოეთიკური პრინციპების მნიშვნელობის გააზრებას. განხილული საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სამედიცინო ეთიკისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემების განვითარების მიმართულებით.